პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საპატიმროდან გათავისუფლება ქართული ოცნების ვაჭრობის შედეგია.
ინაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება, სხვა საკითხებთან ერთად, დავითგარეჯის თემითაც ვაჭრობს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ივერი მელაშვილი არ უნდა გაეთავისუფლებინათ.
"არჩევნების გაყალბების შემდეგ ქართული ოცნება ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. მთელ ამ სიტუაციას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. რა დროს და რატომ მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუ ეს მძიმე დანაშაული ჩადენილია და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ? აქ პოლიტიკური კონტექსტი ერთ-ერთი მთავარია.
ნათელია, რომ ქართული ოცნება ვაჭრობს. ქართული ოცნება და ვაჭრობა ერთმანეთის სინონიმები გახდა. ქართული ოცნება ვაჭრობს არჩევნებით, მანდატებით, დავითგარეჯის თემით და მზადაა, ნახევარი ქვეყანა დათმოს, ოღონდ ვინმე შეიტანოს გაყალბებული გზით ფორმირებულ არჩევნებში. ქართული ოცნება ვაჭრობს კოვიდით, ყოვლად უგუნური აკრძალვებით, რასაც ვეწინააღმდეგებით". - ამბობს ირმა ინაშვილი.
მისივე თქმით, "ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი იხილებოდა და არის გარიგების ნაწილი. ასე მართავს ქართული ოცნება ქვეყანას, ასეთი იაფფასიანი გადაწყვეტილებები",- განაცხადა ინაშვილმა.
კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
კარტოგრაფების დაკავებამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათ წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ არაერთხელ უწოდა კომისიის მუშაობას მოღალატეობრივი.
ასევე, გასულ წლებში ირმა ინაშვილი და მისი პატრიოტთა ალიანსი, ასევე ქართული მარში და სხვა პროპუტინული ჯგუფები დავით გარეჯთან მართავდნენ აქციას "გარეჯი საქართველოა".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.