პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ უწყებაში სამხარეო დეპარტამენტების ხელმძღვანელების როტაციის პრაქტიკა არსებობს.
გახარია ასევე იმ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უწყებიდან მისი კადრების ჩამოშორებით არის დაკავებული და მას ჭორად მოიხსენიებს. პრემიერი ამბობს, რომ ეს ადამიანები თანამდებობებზე ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს დაინიშნენ, და არაფერია გასაკვირი, მათ შეცვლაში.
"ყოველთვის მიჭირს ჭორების კომენტირება, თუმცა ამ შემთხვევაში გავაკეთებ. შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ შსს-ში არის ძალიან სწორი პრაქტიკა სამხარეო დეპარტამენტების ხელმძღვანელების როტაციის. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემ დროს იყვნენ დანიშნულები, 2 წელიწადზე მეტია ამ თანამდებობაზე მსახურობდნენ. ახლა ხდება როტაცია და ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს. დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ის ნიშნავს, ასე ხდება ყველგან და ასეც უნდა ხდებოდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია ფორმულამ არა ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კერძოდ კი, მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური უწყებიდან გიორგი გახარიას კადრებს ათავისუფლებს.