საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და მხოლოდ ხათუნა გოგორიშვილის სურვილი საკმარისი არ არის.
"რომ მინდოდეს, მოვიფიქრე, რომ ჩატარდეს ხელახალი თუ ასეთი არჩევნები, არა მორიგი, არამედ ვადამდელი არჩევნები. რის საფუძველზე გავაკეთო ეს? თარხნიშვილის განცხადების საფუძველზე გავაკეთო ეს თუ გოგორიშვილის განცხადების საფუძველზე თუ გუბაზ სანიკიძის სურვილის საფუძველზე?", - აცხადებს ვოლსკი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პოლიტიკოსების გარდა, იმ ადამიანების სურვილის საფუძველზე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ვინც ამ მოთხოვნით აქციებს მართავდნენ, ვოლსკი პასუხობს, რომ "აქციები შეიძლება, სხვამაც გამართოს".
"აქციები შეიძლება სხვამაც გამართოს. ღმერთმა ნუ ქნას, საზოგადოება ისე დაუპირისპირდეს ერთმანეთს, თორემ აქეთაც არის მილიონზე მეტი ამომრჩეველი და მხარდამჭერია, ასე არ არის", - აცხადებს ვოლსკი.
იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, მანდატებზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
