logo
ENG



სინოდის 11 თებერვლის სხდომის შეჯამება - რა წერია განჩინებაში

12 თებ 202121:13
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ 11 თებერვალს ჩატარებული სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა. ფორმულა განჩინების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
1. წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებული პრობლემა დააყენა.
აღნიშნულ თემაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), ხოლო ვრცელი მოხსენება წარმოადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე).
წმინდა სინოდმა დაადგინა:
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, - წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.
სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს.
აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.
დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.
ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა.
ასევე დაადგინეს: დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას, გააგრძელოს გადაცემათა ციკლი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით.
2. წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით.
აზრი გამოთქვეს მიტროპოლიტებმა: შიომ (მუჯირი), ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), დანიელმა (დათუაშლი), ისაიამ (ჭანტურია), იოანემ (გამრეკელი), საბამ (გიგიბერია), მთავარეპისკოპოსებმა იაკობმა (იაკობიშვილმა), სპირიდონმა (აბულაძე).
წმინდა სინოდმა დაადგინა:
ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.
საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid - 19 - ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.
მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.
პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.
ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდგ საკითხებს:
ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?
როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?
არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?
ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?
საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.
3. წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.
ამიტომაც განვმარტავთ: საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;
ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.
სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცყოფად.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება...) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.
შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვსმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას.
4. წმინდა სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.
5. წმიდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) თხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან განთავისუფლების შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან და დადგინდეს წალკის ეპარქიის მმართველად.
6. წმიდა სინოდმა განაჩინა: ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდეს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მანვე შეითავსოს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობა.
7. წმინდა სინოდმა მოისმინა შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე) გამოსვლა, აღნიშნულ ეპარქიიის მღვდელმოქმედება აკრძალული დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის შესახებ.
და განაჩინა:
დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ ზნეობრივ კომისიას.
8. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდლელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაყენებას.
ითქვა, რომ ამ ადამაინებს უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი, - ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.
აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპსუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი.
9. ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.
წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას.
10. წმიდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან სასულიერო პირების განტევების და სხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან მათი მიღების წესის შესახებ
განაჩინა: საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-7 თავის, მე-7 პარაგრაფი დაზუსტდეს შემდეგი სახით: VII; §7. ა) ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით, მიიღოს თავის ეპარქიაში სამსახურისათვის სხვა ეპარქიიდან გადმოსული სასულიერო პირი, თუ მას აქვს თავისი ეპისკოპოსისაგან „განტევების სიგელი“. აგრეთვე მღვდელმთავარს უფლება აქვს გაუშვას თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიებში სასულიერო პირები და მისცეს მათ „განტევების სიგელები“.
ბ) ეპარქიის მღვდელმთავარს, კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თანხმობის შემდეგ შეუძლია, მისცეს ,,განტევების სიგელი“ მის იურისდიქციაში მყოფ სასულიერო პირს (მღვდელი, დიაკონი) და მონაზონს, სხვა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციაში გადასასვლელად. აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად, მმართველმა ეპისკოპოსმა უნდა გასცეს: ,,დამამტკიცებელი“ და ,,განტევების სიგელები“, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ე.წ. - ,,წარდგინების (სარეკომენდაციო) სიგელი“. აგრეთვე, კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თანხმობის შემდეგ, მღვდელთავარს შეუძლია, თავის იურისდიქციაში მიიღოს სხვა ადგილობრივი ეკლესიის იურისდიქციიდან კანონიკურად განტევებული, სასულიერო პირი (მღვდელი, დიაკონი) და მონაზონი.
11. წმიდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწისა და საერო პირის კანონიზაციის, ასევე საქართველოს ეკლესიის კალენდარში სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების წმიდათა მოხსენიების თაობაზე და განაჩინა: საკითხი შესასწავლად გადაეცეს წმიდათა კანონიზაციის კომისიას.
12. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია განსახილველად შემოტანილ საღვთისმეტყველო თემასთან დაკავშირებით.
განაჩინეს: აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიას"

close დახურვა