logo
ENG



გიორგი თარაგამაძის OP-ED: რომელი ჯოჯოხეთია უარესი?!

14 თებ 202120:06
3 წუთის საკითხავი
clock 800

გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი.

გოგონა საქართველოში დაიბადა. მამა მალე გარდაეცვალა. დედამ 4 წლის ასაკში დატოვა და სამუშაოდ უცხოეთში წავიდა, მას შემდეგ 10 წელი მხოლოდ მესენჯერით კონტაქტი, 10 წელი დედას არ ჩახუტებია; ბაბუასთან იზრდებოდა, გარემოში, სადაც ქალის, მათ შორის გოგონების როლზე, ადგილზე, უფლებებსა და თანასწორობაზე თავისი წარმოდგენები აქვთ, თუმცა ეს თავისი არაა კერძო, არამედ საკმაოდ ზოგადი და იმ ღირებულებათა სისტემის ნაწილი, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ორგანულია და მახასიათებელი - ქალი ყოველთვის დამნაშავეა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მსხვერპლია და ამას სადავოდ არავინ ხდის; ამ ღრმად ფესვგადგმულ მენტალობას უნდა ცვლიდეს განათლების სისტემა, რომელიც უსულო და ღირებულებებისგან დაცლილ სისტემად რჩება, რადგან მის სულს ადამიანი-პედაგოგები უნდა წარმოადგენდნენ, რომელთა უმრავლესობაც იმ ძველ ღირებულებათა მატარებელია, რომელიც ლოზუნგურ-პათეტიკური და ავტორიტარული მიდგომების ოდნავ შესუსტებასაც კი პედაგოგის დომინანტური როლის დაკარგვის საფრთხედ აღიქვამს და ყველა განწყობას, ჯგუფს, თუ ხელისუფლებას აქტიურად მიემხრობა, რომელიც ყალბ და სულიერებისაგან დაცლილ კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმს და ჯოგურ და არა თემურ პრიმიტივიზმს ახალისებს. ამ საზოგადოებაში მოზარდებისთვის სექსუალური ცხოვრების შესახებ კვალიფიციური განათლების მიღება იმაზე დიდი ტაბუა და ცოდვა, ვიდრე ყველა ხელისუფლებასთან ამავე განათლების სისტემის დიდი ნაწილის გაუკუღმართებულ სექსუალურ აქტში, ანუ არჩევნების იმიტაციაში მონაწილეობა; ამავე სისტემის აღზრდილები მიდიან პოლიციაშიც, რომლისთვისაც გოგონა, მათთვისვე ჩაბეჭდილ ღირებულებათა და არა კანონების შკალაზე, უკვე დამნაშავეა, და როგორც მინიმუმ მსუბუქი ქცევის ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ქალიც არ არის და არასრულწლოვანია, რომელსაც ასაკით უფროსი ბიჭის მიმართ გრძნობა გაუჩნდა; ან მოეჩვენა რომ ეს გრძნობაა და იმედს ჩაეჭიდა, რომ სიყვარულისა და სათნოების ჟანგბადისგან დაცლილ, უხეში პატრიარქალიზმით გაჯერებულ გარემოს შეიძლება ამ გზით მაინც გაექცეს, მონატრებული სიყვარულის და თავისუფლების ჰაერზე გააღწიოს და უკეთეს ბედს ეწიოს; ეს ბედი კი მათ შორის სოციალურ მუშაკსაც აბარია, რომელიც 2 ათასი კილომეტრით დაშორებულ აღელვებულ დედას, რომელიც მოსალოდნელი ტრაგედიის საფრთხეზე სწერს, პირად მესენჯერში კონტაქტს უკრძალავს და ბავშვის ადგილზე გამოცხადებას მოითხოვს. ეს იმ სამსახურის წარმომადგენელია, რომელთა იმედიც მსგავს სიტუაციებში უნდა გვქონდეს და ეს ის "ზრუნვის სამსახურია", რომელიც ბოლო კლასის ლექსუსებით მოსიარულე ჩინოვნიკების ქვეყანაში შემცირებაში მოყვა და 3 თანამშრომლიდან ამხელა ქობულეთზე, მხოლოდ ერთის ანაბარად დარჩა; იმ ქვეყნის, უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი დედებისგან დაცლილი, სოციალურ ფუნქცია დაკარგული, უმეტესად გალოთებული და დეგრადირებული მამრებით დასახლებული, ღრმად დეპრესირებული სოფლებისა და ქალაქების ბავშვების, მოხუცების და დავრდომილების იმედი რომ უნდა იყოს. მათ ხომ სახელმწიფოსთან სხვა შეხების მექანიზმი აღარც კი აქვთ.

სახელმწიფოს, ან სხვა დიდი გავლენების მქონე ინსტიტუტებს მათთვის არ სცალიათ - დემოკრატიის იმიტაცია აქვთ შესაქმნელი, თან ისე რომ ოპოზიცია და კრიტიკული მედია აღარ არსებობდეს, ან ისტორიული საზღვრები უნდა აღადგინონ ისე, რომ ანაფორა მთავარი ბრალმდებლისა და პროკურორის მანტიასა ძალიანაც არ დაემსგავსოს და პარალელურად მეკომბლეობა იდეურად კვებონ, ისე რომ საერთოდ დაავიწყდეთ: მათი სამწყემსო მისიის უპირატესობა და ძალაც სიყვარულზე, სიბრძნეზე, პატიოსნებასა და თავმდაბლობაზე დგას და არა უხეშ მიწოლაზე, რომლითაც უკვე ცოტას თუ დააშინებ, რადგან მათ, მოყვასთ, შენდამი და არა ღმერთისადმი რწმენა დაკარგეს; ტრაგიკული ფაქტი რომელმაც შეგვძრა, არის მახინჯი მოცემულობა, რომელშიც, როგორც მკაცრ და სასტიკ სარკეში, ამჯერად უკვე კიდევ ერთმა მოზარდმა ძალიან ცუდი ფორმით ჩაგვახედა. და ის გამოსახულება, რომელიც სარკეში დავინახეთ დაცლილია ადამიანობისგან. იმდენი წინაააღმდეგობებითაა სავსე და დეფორმირებული, რომ რთულია უწოდო სახე - ესაა ძველი ფანტომებით სავსე გამოსახულება, რომლის ფონზეც აქა იქ ჩანს ახალი საზოგადოების ვერშემდგარი ფიგურა, რომლის კონტურებიც სულ უფრო ფერმკრთალდება და იკარგება. ამ მომენტში ფუჭია დანაშაულის მიზეზებში კონკრეტული ადამიანების ძიება. ზოგ მოზარდს გაუმართლებს გარემოში, სადაც დაიბადება და გაიზრდება, ზოგს არა და აი სწორედ ამისთვის გვინდა სახელმწიფო, რომ ასეთ დროს გამოჩნდეს, ჩაერიოს, დაიცვას, დააკვალიანოს, სხვა ინსტიტუტებთან ერთად ყურადღება, სიყვარული და პატივისცემა აგრძნობინოს... თუმცა თუ ჩვენ არ ვივარგეთ, ნურც სახელმწიფოს მიმართ გვექნება განსაკუთრებული მოლოდინი, რადგან როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს: ,,სახელმწიფო არსებობს არა იმისთვის, რომ ამქვეყნიური ცხოვრება სამოთხედ გვაქციოს - არამედ საიმისოდ, რომ ეს ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გადაგვექცეს!!!


close დახურვა