სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მათი უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი. სოციალური მუშაკების თქმით, ქობულეთში მოზარდის გარდაცვალების შემთხვევამ ნათლად ანახა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვზე ზრუნვის სისტემის გამართულ მუშაობას და ბავშვთან შემხებლობაში მყოფ თითოეულ სუბიექტს: სკოლას, სოციალურ სამსახურს, პოლიციას და სხვა ინსტიტუტებს.
სოციალური მუშაკების თქმით, დღესდღეობით არსებული რესურსებით მათ არ შეუძლიათ, საფუძვლიანად შეისწავლონ თითოეული შემთხვევა.
"ჩვენ როგორც ბავშვზე ზრუნვის სისტემის ნაწილი, მივიჩნევთ, რომ დასაქმებული სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და იმაზე რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც გვქონდა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. დღესდღეობით არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები, დავგეგმოთ პრევენციული ან სარეაბილიტაციო მუშაობა", - აცხადებენ სოციალური მუშაკები.
სოციალური მუშაკების თქმით, სისტემაში არის კადრების კრიტიკული დეფიციტი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდის ნაცვლად სისტემიდან, რეორგანიზაციის საფუძვლით, 2020 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი.
"ამ დრომდე არ მომხდარა გათავისუფლებული კადრების აღდგენა. დღეს არსებული რიცხვი არ შეესაბამება სოციალური მუშაობის შესახებ კანონით აღებულ ვალდებულებებს. რის გამოც, თითოეულ სოციალურ მუშაკს უწევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე მუშაობა. ამ ეტაპზე არ გვყავს არცერთი ფსიქოლოგი, რომელიც რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს ბენეფიციარებთან. თბილისის მასშტაბით მომუშავე ერთადერთი ფსიქოლოგი კი მუშაობს ოჯახურ დავებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სოციალური მუშაკების განცხადებით, მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაადგილება.
"დღესდღეობით გადასაადგილებლად გვჭირდება დიდი დრო და არსებული ერთადერთი მანქანა ვერ პასუხობს საჭიროებებს. პანდემიის პირობებში , არ გვყავდა რეგულარულ შემთხვევებზე გადასაადგილებეელი საშუალება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არყოფნის პერიოდში გადავადგილდებოდით ტაქსით და პირადი ხარჯებით, - აცხადებენ სოციალური მუშაკები.
მათი თქმით, სოციალური მუშაკები იმყოფებიან ქაოტურ მდგომარეობაში და მიმდინარე რეფორმები არათუ ეხმარება მათ დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებაში, არამედ პირიქით, ხელს უშლის.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.
სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
ბრალდებულს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა 13 თებერვალს შეეფარდა.
საზოგადოების ნაწილი და მესამე სექტორი მომხდარზე პასუხისმგებლობის ნაწილს სახელმწიფოსა და სამართალდაცმველ უწყებებს აკისრებს. მათი თქმით, სამართალდამცველებმა გულგრილობა გამოიჩინეს, ხოლო სახელმწიფოს არასრულწლოვნების დასახმარებლად არ აქვს შესაბამისი სერვისები, მათ შორის არ არსებობს სოციალური მუშაკების სრულყოფილი ინსტიტუტი.