logo
ENG



შსს: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 8 მოქალაქე დავაკავეთ

21 თებ 202116:29
3 წუთის საკითხავი
clock 1489
შსს: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 8 მოქალაქე დავაკავეთ
ვახო ქარელი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 8 ადამიანი დააკავეს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე დააკავეს.

"საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის წინ კარვის განთავსებას, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოს წინ განათავსონ კარავი", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

ცნობისთვის, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა "გავრილოვის კარვის" გაშლა სცადეს, რის უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს კონსტიტუციის ასი წლის თავზე კარვების გაშლით აპროტესტებენ იმას, რომ სამართალდამცველები არ აძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას.

შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. 

საქართველოს მთავარი კანონით, "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება". 

აქტივისტებისთვის კარვის გაშლის ხელის შეშლით, იურისტების შეფასებით, პოლიცია კონსტიტუციას არღვევს. 

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა. დამფუძნებელთა კრებამ 100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს ქვეყნის პირველი მთავარი დოკუმენტი მიიღო.

 


close დახურვა