logo
ENG



მედიაკოალიცია: ოცნების რიტორიკის გამო, ჟურნალისტების მუშაობისთვის ტოქსიკური გარემო იქმენა

25 თებ 202115:21
3 წუთის საკითხავი
clock 348
მედიაკოალიცია: ოცნების რიტორიკის გამო, ჟურნალისტების მუშაობისთვის ტოქსიკური გარემო იქმენა

მედიაკოლაცია ფორმულას ტელეწამყვანზე ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს.

მედიაკოალიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წევრების რიტორიკის გამო,საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის.

"ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება ქართული ოცნების წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაკოალიციაში აცხადებენ, რომ დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში თუ უშუალოდ არჩევნების დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული, თუმცა გამოძიება დაწყებულია - დაუსჯელობა კი ხელს უწყობს ძალადობის წახალისებას.

მედიაკოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფი და დროული რეაგირება მოახდინონ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას უარი თქვას აგრესიულ დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ქართული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა