logo
ENG



მელია პროკურატურის შეთავაზებაზე: ბევრი ვიცინე, მსგავსი სისულელე რამ მოაფიქრათ?

27 თებ 202121:19
3 წუთის საკითხავი
clock 753
მელია პროკურატურის შეთავაზებაზე: ბევრი ვიცინე, მსგავსი სისულელე რამ მოაფიქრათ?
ფოტო: ვახო ქარელი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უწყება გირაოს გადახდის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ ეს მისთვის სასაცილო შეთავაზებაა. 

როგორც მელიამ მთავარ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, პროკურატურის გადაწყვეტილება საერთაშორისო წნეხის შედეგია.

"არ დაგიმალავთ, ბევრი ვიცინე. ჯერ თვითონ პროკურორია სასაცილო პერსონაჟი, ჩუმად, გრძლად და გაუგებრად მოლაპარაკე. მერე მისი გამოსვლის შინაარსი სრული ბოდვა და დასაცინი. ნული შანსი, რა გირაო უნდა გადავიხადო, მსგავსი სისულელე რა მოაფიქრათ? ეტყობა ძალიან შეშინებული არიან საერთაშორისო გამოხმაურებებით. შემოაქვთ ჩემთან ყოველდღე და ვკითხულობ. სწორად არიან შეშინებული.

რაც შეეხება გირაოს მესამე პირის მიერ შეტანას, ღიად ვამბობ, ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინას დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება ჩემი. ღიად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს, სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ რამდენიმე საათში, პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, უწყება სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. 


close დახურვა