საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი გორში ნაციონალური მოძრაობის დაზიანებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ინტერესი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ეს მათი ხელისუფლების დროს ხდება. მაჭარაშვილის განცხადებით, ენმ-ს ყველაზე მეტად საკუთარი ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აზიანებს.
"რაც შეეხება გორში ენმ-ის ოფისის დარბევას, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ ძალადობა ნებისმიერი მხრივ მიუღებელია. ან როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო ნაციონალურ მოძრაობას, სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით იქიდან, უკრაინიდან, ან აქ ისეთი დესტრუქციებით, რომელსაც აწყობებს პიკეტირებების სახით, ასე ურცხვად საქართველოს პარლამენტში. არ მგონია ამაზე მეტი ზიანის სურვილი ვინმე გააჩნდეს, მით უმეტეს ქართულ ოცნებას", - აცხადებს მაჭარაშვილი.
გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს გუშინ 2 მარტს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩაამსხვრიეს ოფისის მინები და კარი.
გორში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გორის ამავე ოფისს მანამდე, ხუთჯერ დაესხნენ თავს. ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია.