logo
ENG



"გამოდი ღირსებისთვის" - ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, 9 მარტს კანცელარიასთან აქცია ჩაინიშნა

07 მარ 202100:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/07/wdz45qkrb1anee7.jpg

ტვ პირველის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, რომელშიც ბერა და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას ათანხმებენ, სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი აქცია დააანონსეს. 

კერძოდ, აქციას მოძრაობა საქართველოსთვის წევრები გამართავენ. როგორც Facebook-ზე გავრცელებული ღონისძიების ანონსში წერია, აქცია სამშაბათს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, 15:00 საათზე გაიმართება. 

"ტვ პირველის ეთერში გასული სიუჟეტი ცხადყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ გარემოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, მაფიოზურად მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და იყენებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასასჯელად! პირადი შურისძიების მიზნით, ივანიშვილების ოჯახი მზადაა, ღირსება შეულახოს და ფიზიკურად მოაკვდინოს სკოლის მოსწავლე ბავშვებიც კი! ამიტომ მოდი აქციაზე, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი და პირადი ღირსება!", - წერია ანონსში. 

ცნობისთვის, ტვ პირველის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია ქართული ოცნების ოფისთან გამართეს, რის შემდეგაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერებით: "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს", "ბერა + ირაკლი = ძალადობას!", "ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი", "BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი" და სხვა.

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

 
 
 
 
 

close დახურვა