ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს აგზავნის.
პრესრელიზის თანახმად, დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს მედიაციას გაუწევს და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლებს. ის საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევა.
მიშელი და ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, სრულად ჩაერთონ დიალოგში, რომ მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგს, რათა საქართველომ პროევროპულ გზაზე წარმატებით სვლა შეძლოს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნებია. ვადამდელ არჩევნებზე კატეგორიულ უარს ამბობს მმართველი გუნდი. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.
პოლიტიკური კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. მელიას დაკავების საკითხზე გუნდში არსებული უთანხმოების გამო პრემიერმინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დატოვა, ქართულმა ოცნებამ კი ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა. ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია დააკავა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა.