სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ხვალ, 14 მარტსის საღამოს გახდება ნათელი, რეალულრად უნდა თუ არა ქართულ ოცნებას მოლაპარაკებები.
"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხი დანარჩენი. სავარაუდოდ ჩვენ დღესვე გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, თუ არადა ხვალ გვექნება ერთი ან ორი შეხვედრა. ალბათ, ევროკავშირიც ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, წინასწარ არ შევიქმნი ილუზიას, რომ ქართული ოცნება აუცილებლად კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე.
მე ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება, ქართულ ოცნებას უნდა მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებობანას თამაში. არამარტო ჩვენ, არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება ეს". - თქვა ვაშაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.
დანიელსონი თბილისში გუშინ 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. ის გუშინვე შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
დღეს, 13 მარტს კი შეხვედრა შედგა სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
შარლ მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.