logo
ENG



ზალკანიანის თქმით, ბორელის განცხადება მიანიშნებს, რომ EU "ადრეულ არჩევნებს არ განიხილავს"

16 მარ 202122:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/16/2gfi99tk3zc2cpi.png

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ახალი არჩევნების თემა "ერთხელ და სამუდამოდ" მოხსნილია დღის წესრიგიდან. ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარისას ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ამაზე უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადება მიანიშნებს. 

"ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა. მე მგონი, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს იმაზე, რომ ეს არჩევნები აღიარებულია. არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა სამონიტორო ორგანიზაციამ, მათ შორის ეუთო/ოდირმა, როგორც წინასწარი, ისე საბოლოო დასკვნით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

უმაღლესი წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება ასევე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს და მან კიდევ ერთხელ მოიყვანა ის დასკვნა, რაც ყველამ ვიხილეთ. არჩევნების თემა ერთხელ და სამუდამოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან, არანაირი ლეგიტიმაცია არჩევნების ლეგიტიმაციას არ აქვს", - ამბობს ზალკალიანი.  

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა კითხვაზე, "ესახება თუ არა ხელახალი არჩევნების ჩატარება ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარებიდან შესაძლო გამოსავლად", განაცხადა, რომ ახალი არჩევნების საკითხი მისი გადასაწყვეტი არაა.

"ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ოდირმა ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნია", - განაცხადა ბორელმა, რაზეც მას ღარიბაშვილმა იქვე მადლობა გადაუხადა.   

მოგვიანებით, ასოცირების საბჭომ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები "კონკურენტული" იყო და რომ, "მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები".

"ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით  გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით", - წერია მათ განცხადებაში. 

ბრიუსელში გამართული შეხვედრების პარალელურად, კვლავ საქართველოში რჩება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის და შეთანხმების მიღწევის მიზნით, ვიზიტი ორი დღით გაახანგრძლივა. 

ამ დრომდე გამართული შეხვედრების შემდეგ ყველა მხარე აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება ჯერ არ მომხდარა. 


close დახურვა