logo
ENG



ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა

19 მარ 202101:21
3 წუთის საკითხავი
clock 1786

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

როგორც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოპოზიციამ დააყენა ისეთი ულტიმატუმები, რომელიც "კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა".

"იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში", - განაცხადა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას "მიხეილ სააკაშვილი მართავს", რის გამოც მათ "შეთანხმებაზე წასვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ".

"არის ერთი ორი გამონაკლისი, მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათი უმრავლესობა რომელიც წარმოდგენილი იყო დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საბოლოო ჯამში ჩაშალეს მოლაპარაკება. ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალებზე, კობახიძემ თქვა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან შესაძლოა, პროცესი კიდევ გაგრძელდეს.

"დღეს პროცესი არ დასრულებულა, არ ვიცით, შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ბუნებრივია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს ეს პროცესი", - აღნიშნა კობახიძემ.

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

მხარეებს შორის 9-საათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


close დახურვა