პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, პაციენტი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება.
საუბარია ახალციხელ ექთანზე, რომლის მდგომარეობა კორონავირუსის ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ დამძიმდა. იგი წუხელ, 18 მარტს სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
ექთნის მკურნალობის სტრატეგიისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კონსილიუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შემდგომი 24 საათი არის მნიშვნელოვანი და ექიმები პაციენტის დინამიკას დააკვირდებიან.
"ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ახლა მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის", - თქვა მან.
ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. ექთნის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს".
გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი".