
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებობს "გარკვეული წინასწრი ინფორმაცია", რომ შესაძლოა, ახალციხელი ექთნის სიკვდილის პირდაპირ გამომწვევ მიზეზად ვაქცინა არ დასახელდეს. გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებიან.
"არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია იმაზე, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად არ დასახელდეს ვაქცინა. ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს სამინისტროში იქნება წარმოდგენილი ერთობლივი კომისია, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც რეგულირების კომისიის, ისე სამხარაულის დასკვნა", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი 19 მარტს გარდაიცვალა.
მანამდე, კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საუბრობდა იმაზე, რომ ანამნეზიდან გამომდინარე, მდგომარეობა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით იყო გამოწვეული.
ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მომხდარს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს".
გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი".