logo
ENG



ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანომ AstraZeneca-ს გამოყენება 30 წლამდე ნაკლებ სასურველად მიიჩნია

07 აპრ 202119:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/07/o0z67kspezztr79.jpg

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა ორგანომ ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, რომ 30 წლამდე ზრდასრულ მოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის ნაცვლად სხვა ვაქცინა შესთავაზონ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ვაქცინა ხელმისაწვდომია და ჯანმრთელობის მყისიერი საფრთხე არ დგას. 

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტის რეკომენდაციას წინ უსწრებდა რამდენიმე ევროპული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლებმაც გარკვეულ ასაკამდე მოქალაქეების ვაქცინაცია ბრიტანული ვაქცინით შეწყვიტეს. მათ შორისაა, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი, ლიტვა, კანადა და სხვ. 

AstraZeneca-ს ვაქცინაციის თანმდევი, შესაძლო ჯანმრთელობის რისკების შესახებ მოკვლევა უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მასობრივი ვაქცინაციისთვის ბრიტანული ვაქცინის გამოყენება ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ შეუწყვეტია. საქმე ეხება ევროპულ ქვეყნებში გამოვლენილ რამდენიმე შემთხვევას: 30 წლამდე ქალი პაციენტების მცირე ჯგუფს ორგანიზმში სისხლის იშვიათი კოლტები აღმოაჩნდათ, მცირე თრომბოციტებით

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულატორია მსოფლიოში, გამოვლენილ საეჭვო შემთხვევებს ამ დრომდე იკვლევს, თუმცა სისხლის კოლტებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის კავშირი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. 

[ განახლება: ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტმა თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა] 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის 70-ზე მეტ ქვეყანაში არის დამტკიცებული, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში. 

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის AstraZeneca-სა 25 მარტიდან, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი 3 აპრილიდან გახდა ხელმისაწვდომი.

ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობა 18 მარტის შემთხვევამ შეარყია, როდესაც AstraZeneca-თი ვაქცინაციიდან 30 წუთში ექთანი მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდა, მეორე დღეს კი ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით - გარდაიცვალა. 

ექთნის გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე იკვლევს ლუგარის ლაბორატორია, თუმცა მანამდე, ჯანდაცვის ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ვაქცინის უსაფრთხოებაზე საუბრობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 

55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის გარდა Pfeizer-ის ვაქცინაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ვაქცინის სარეგისტრაციო ველი სრულად არის შევსებული, განსხვავებით AstraZeneca-სგან, რომელიც მიმართვიანობის მაჩვენებლით Pfeizer-ის ვაქცინას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 


close დახურვა