logo
ENG



სამხარაძე: ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

08 აპრ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock 997
2021/04/08/2eu12mp7dzojxrt.jpeg

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სტაბილურობას.

სამხარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

„ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - თქვა სამხარაძემ.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის რეგიონს.

სამხარაძემ საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატო-ს და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ", - აცხადებს სამხარაძე.

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.

რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო გაერთიანებებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო, რაც საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველების მხრიდან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამწვავებად შეფასდა. გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს კი ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

მანამდე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა Twitter-ზე განცხადება გაავრცელა და უკრაინაში კრემლის სახიფათო ნაბიჯების შესახებ ქართული მხარის დუმილის გამო გაკვირვება გამოხატა.

"როდესაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრნენ, მე არა მხოლოდ ხმა ავიმაღლე, არამედ ჩავფრინდი ადგილზე, ცხელი საომარი კონფლიქტის დროს. მეც გაკვირვებული ვარ. რატომ გგონიათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა თქვენ მიმართ რუსულ ოკუპაციას დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს [უკრაინას] ემუქრებიან", - დაწერა ილვესმა.

საქართველოს ხელისუფლების პასიურობა ოპოზიციამაც გააკრიტიკა, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მიმდინარე კონფლიქტში უკრაინის აქტიური მხარდაჭერა, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.

"რეალობა არის ის, რომ ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესია, არა მარტო მორალური ვალდებულება, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ, როგორც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათი პოლიტიკოსები", - ამბობს ბოკერია, - "მორალურად კი, ეს ყველაფერი სირცხვილია".

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას.

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".


close დახურვა