საქართველოს მთავრობა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება, ხოლო დამსაქმებლებს ეძლევათ დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
„საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.
საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დასვენების დღეებია. ამავდროულად, უქმე დღეა 12 მაისიც, როცა ქვეყანა "ღვთიმშობლის წილხვდომობას" აღნიშნავს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით კი, მაისის დასაწყისში უქმე დღეების რაოდენობა 13-მდე იზრდება.