logo
ENG



ჰარცელის თქმით, ლელოსთან განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და დანიელსონის დოკუმენტი

11 აპრ 202122:01
3 წუთის საკითხავი
clock 1203
ჰარცელის თქმით, ლელოსთან განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და დანიელსონის დოკუმენტი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრებზე ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი განიხილეს. ევროკავშირის ელჩი დღეს ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი ლელო საქართველოსთვის წევრებს შეხვდა. შეხვედრებს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდა. 

"განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. უნდა ვნახოთ, როგორი დასკვნები გაკეთდება პრეზიდენტ მიშელის მხრიდან ბრიუსელში", - განაცხადა კარლ ჰარცელმა

ელჩებს დღეს, 11 აპრილს ლელოს ლიდერები შეხვდნენ, მანამდე კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

5 მარტს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "მედიატორთა ჯგუფის" შექმნას აპირებენ, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარონ. მანვე აღნიშნა, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგებლობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

 


close დახურვა