logo
ENG



სამინისტრო საპატრიარქოს განცხადების შემდეგ იმედოვნებს, რომ დემონსტრანტები დიალოგზე წავლენ

14 აპრ 202118:28
3 წუთის საკითხავი
clock 937
სამინისტრო საპატრიარქოს განცხადების შემდეგ იმედოვნებს, რომ დემონსტრანტები დიალოგზე წავლენ

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და ეთანხმება მას, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა კატეგორიული ტონი პოციების დაახლოებისთვის სივრცეს არ ტოვებს. 

ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ამ დრომდე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მთავარი მოპასუხეა ხელისუფლებიდან, საპატრიარქოს განცხადების პასუხად ამბობს, რომ დიალოგის პროცესი მას არ შეუწყვეტია, ვითარების შემდგომ ესკალაციას კი დაუშვებლად მიიჩნევს. 

"დიალოგს ალტერნატივა არ აქვს", - აცხადებს თურნავას უწყება, - "იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე". 

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ნამოხვანში უკვე 5 თვეზე მეტია მიმდინარეობს, ვითარების ეპიზოდურ ესკალაციას ძირითადად აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების ძალადობრივი მოპყრობა იწვევს. 

ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ეკონომიკის მინისტრი პირადადაც იმყოფებოდა, თუმცა უშედეგოდ, თურნავას ვიზიტის შემდეგ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას მათ შეკითხვებსა და მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხები არ ჰქონდა. 

დღეს რიონის ხეობაში, გუმათჰესთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბარიკადები აღმართა, რასაც აქციის მონაწილეთა მწვავე რეაქცია და ქუთაისის ცენტრში კიდევ ერთი მასობრივი საპროტესტო თავშეყრა მოყვა. მხოლოდ 14 აპრილს პოლიციამ აქციის 10-მდე მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი ყველა მათგანი გაათავისუფლა. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.


close დახურვა