logo
ENG



გუმათში რკინის კედლის ნაწილი აიღეს, თუმცა, ნამოხვანში აქტივისტებს კვლავ არ უშვებენ

17 აპრ 202112:22
3 წუთის საკითხავი
clock 347
ვახო ქარელი/ფორმულა

გუმათში რკინის კედლის ნაწილი აიღეს, თუმცა, ნამოხვანში აქტივისტებს კვლავ არ უშვებენ. 

"რიონის მცველების" თქმით, კედლის ნახევრად მოხსნა ვერ ჩაითვლება ხელისუფლების მხრიდან დათმობად, რადგან ხეობაში ისევ რჩებიან პოლიციელები, გზა კი კვლავ ჩაკეტილია. 

"კედლის ნახევრად აღება არაფერს ცვლის. ჩვენ ვითხოვთ აქ გადაადგილების უფლებას და ნამოხვანში ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას. შესაბამისად, ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა, ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არაფერს ცვლის". - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

"ჩვენი პირობაა ბლოკპოსტის გაუქმება. მაგრამ ბლოკპოსტი არსებობს. აღებულია მხოლოდ რკინის კედლის ნაწილი, რჩება ჯებირები მთლიან სიგრძეზე და რაც მთავარია, პოლიცია, როგორც აქამდე, ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ ამ პირობას დაკმაყოფილებულად, თუ ხელისუფლება შეგვეხმიანება". - ამბობს მირზა ნოზაძე.

რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. 

15 აპრილს ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა თქვეს, რომ "იგრძნობოდა დათმობითი სულისკვეთება" და რომ "თუ ჰესის აშენება შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, ის არ აშენდება". 

პარალელურად კი კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

პარალელურად პროტესტი გრძელდება. "რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.


close დახურვა