logo
ENG



მელია: გაითხოვეთ ამნისტია და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის გირაოს

26 აპრ 202117:56
3 წუთის საკითხავი
clock 2391
მელია: გაითხოვეთ ამნისტია და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის გირაოს
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი. მისი განცხადებით, თუ შეუძლებელია ამნისტია მხოლოდ "ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს" შეეხოთ, იგი მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს. ამ განცხადებას ნიკა მელია ციხიდან ავრცელებს:

"გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე".

იგი მიმართავს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ კოლეგა ოპოზიციონერებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ მონაწილეობა "ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში".

"არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას. სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან.

დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას", - წერს მელია.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

 

close დახურვა