logo
ENG



27 აპრილს ერგნეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

28 აპრ 202111:04
3 წუთის საკითხავი
clock 1152

გუშინ, 27 აპრილს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის რიგით 99-ე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

ზაზა გახელაძე, ისევე, როგორც გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი კვლავ უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ თქვა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უკანონო დაკავებებს, ზაზა გახელაძის საკითხს და მცოცავ ოკუპაციას დაეთმო. 

თუმცა, მისი განცხადებით, ამ თემებზე ზოგადი საუბრები იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მხარეები უფრო კონკრეტულად ილაპარაკებენ. 

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რა თქმა უნდა უკანონო დაკავებებს, ზაზა გახელაძის საკითხს და ასევე ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რომელიც უკვე მიმდინარეობს წლების მანძილზე. ამ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრებიც იყო, ზოგადი საუბრებიც იყო, როგორც ხდება ხოლმე და ასეთი პროცესის თანმდევია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ყველაფერი უფრო კონკრეტული იქნება, უფრო ქმედითი იქნება და ის გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს მიერ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით იდგმება, შედეგის მომტანი იქნება და მოსახლეობა აღარ დადგება იმ პრობლემების წინაშე, რომლებიც რა თქმა უნდა ხელოვნური და პროვოკაციულია". - თქვა მან. 

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოქმედებაზე გადადიან მის გასათავისუფლებლად. 

გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ გეგმავს, შეხვდეს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერმინისტრს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა. 


close დახურვა