ლიეტუვის, პოლონეთის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდებენ დაუყონებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, სიტყვის თავისუფლებას, ადამიანების შეკრებას და ჟურნალისტების უსაფრთხოებას.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე და შეწყვიტოს მათზე დევნა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსელ ხალხთან დაუყონებლივი დიალოგი უნდა დაიწყოს.
"საზოგადოების და ჩვენი პირადი გამოცდილების საფუძველზე დაჟინებით მოვითხოვთ დასხდეთ მრგვალ მაგიდასთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. ეს იქნება ნაბიჯი ნამდვილი დიალოგისკენ, რომელიც საუკეთესო გზაა სოციალური განვითარების წინსვლისთვის, რეფორმებისა და ქვეყნის მომავლის განსახილველად" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტში წერია, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის კარი ღია უნდა იყოს, რადგან იზოლაცია ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის სწორი გზა არ არის.
პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, პრეზიდენტები ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობას სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.