logo
ENG



20 ივნისს დაზარალებულები: ვგმობთ როგორც ოცნების, ისე ოპოზიციის კანონპროექტებს ამნისტიაზე

07 მაი 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock 841

20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ისინი აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი.

“20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები პრინციპულად არ ვეთანხმებით და ვგმობთ  როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა ,,19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიას’’ ქართული ოცნება გამოიყენებდა  შანსს და შეეცდებოდა ამნისტიის კანონპროექტით სამართლებრივი-პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სადამსჯელო ოპერაციაზე, რომლის ფარგლებში ჩვენ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა გარდა უფლებრივი დარღვევებისა, მივიღეთ მძიმე ფიზიკური ზიანი.

ჩვენთვის გასაკვირი არ იყო ოცნების მიერ კანონპროექტის ამ ტექსტით მიღება, რომელიც ამნისტიას ახებს 20 ივნისის ყველა ჯალათსა და უკანონო ბრძანების გამცემ საჯარო მოხელეებს.

რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტს შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა მათი მხრიდან არის მორალური სახის შენარჩუნების ფუჭი პოლიტიკური მცდელობა, რომელიც ვერც სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცავების ამნისტია.

ხელმომწერები პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, „არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და არ მოუსპონ დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება”.

განცხადებას ხელს აწერენ: მაკო გომური; გიორგი სულაშვილი; კობა ლეთოდიანი; ირაკლი ხვადაგიანი; ირაკლი ფავლენიშვილი; ვახტანგ ბერიკაშვილი; გელა ჭიღლაძე; ზაზა მღებრიშვილი; გიორგი ბულესკირია; ლუკა პეტრიაშვილი; დავით ხვადაგიანი.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება. 

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია ამნისტია 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე გავრცელდეს და ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული.  

ირაკლი კობახიძის თქმით კი, ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება. 


close დახურვა