logo
ENG



კომპანია ENKA ნამახვანჰესის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აანონსებს

12 მაი 202112:22
3 წუთის საკითხავი
clock 524

23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე კომპანია ENKA ნამახვანჰესის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აანონსებს. 

კომპანიის ხელმძღვანელმა, მერაბ ლომინაძემ პროტესტს ირაციონალური უწოდა და თქვა, რომ პროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგან მის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ენკამ მაგიდასთან დისკუსიისთვის "რიონის მცველებიც" მოიწვია. 

"არ გამოვრიცხავ და მეტიც, ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანის გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ აბსოლუტურად შენგებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით. სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგოდ პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში, წყნარად პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად აღარ დატოვა. უცხოური ვალუტის მოდინების კუთხით საქართველოში ეს იქნება უდიდესი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ენკა გაგრძელებს აქ მუშაობს და წარმატებით დასრულდება ნამახვანჰესის პროექტი". - თქვა მერაბ ლომინაძემ. 

რიონის მცველების აქცია 23 მაისს თბილისშია დაგეგმილი. 

თბილისში აქციის დააანონსებამდე, 24 აპრილს საქართველოს მთავრობის განცხადებით, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდო. 

თუმცა, არ შეჩერდება ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. 

23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ  სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას თვეებია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 


close დახურვა