logo
ENG



კობახიძე: უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ ნაცმოძრაობა პარლამენტში არ შემოვა

14 მაი 202110:57
3 წუთის საკითხავი
clock 789

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუკი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა, ეს მისი აზრით, "უკეთესიც" იქნება. კობახიძე ამბობს, რომ "ხელოვნური კრიზისი" დაძლეულია, რადგან ოპოზიცია პარლამენტში უკვე შევიდა.

"მთელი ეს ხელოვნული კრიზისი უკვე წარსულს ჩაბარებულია. აქედან გამომდინარე, ნაცმოძრაობა შემოვა თუ არა, ამას არავისთვის, არც სუბიექტურად და არც ობიექტურად, არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, უკეთესიც იყოს და უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ ნაცმოძრაობა არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მელია ადასტურებს იმასაც, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 

ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა. 

წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს". 

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. 

 


close დახურვა