logo
ENG



"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - გირჩი - მეტი თავისუფლება კომენდანტის საათს აპროტესტებს

14 მაი 202122:37
3 წუთის საკითხავი
clock 1123
2021/05/14/lbnm1hegkb8eyqq.jpg

გირჩი - მეტი თავისუფლება კომენდნატის საათს აპროტესტებს და 22 მაისს აქციას აანონსებს სახელწოდებით "თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა".

„წელიწადზე მეტია, რამდენიმე ექიმისა და მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებით, საკუთარ უფლებებზე ვამბობთ უარს და მათ ჯერ კიდევ ვენდობით.

მთავრობის მავნებლურმა კორონაპოლიტიკამ ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ეკონომიკა კიდევ უფრო გააღარიბა, რისი შედეგიც შემცირებული ინვესტიციები, გაზრდილი ფასები, მკვდარი ტურიზმი, უამრავი დაკარგული სამუშაო ადგილი და შემცირებული ხელფასებია.

მოვითხოვთ:

  •  გაუქმდეს კომენდანტი საათი
  •  გაიხსნას საზღვრები
  •  გაიხსნას ყველა ბიზნესი
  •  გაუქმდეს ჯარიმები", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსვლელობა დინამო არენასთან დაიწყება და დედაენის ბაღთან დასრულდება.

 

ე.წ კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.

ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 24 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


close დახურვა