logo
ENG



ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა

16 მაი 202113:17
3 წუთის საკითხავი
clock 8597
ფოტო: თიკო ერაძე/დროება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა. უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი. 

ნიკა მელიამ გაფრენის წინ დროებას უთხრა, რომ ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს. 

"ორ წელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის - თავისას". - უთხრა მელიამ დროებას

  • ნიკა მელიას სრულ კომენტარს, რომელიც მან კიევში გაფრენამდე გააკეთა, ნახავთ დროებაში დღეს, 16 მაისს, 20:00 საათზე.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჯერაც არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში. პარტიაში კონსულტაციები გრძელდება. 

განხილვის საგანია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა. 

ენმ-ის წევრების ნაწილი მომხრეა, შევიდეს პარლამენტში ისე, რომ ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. 

მეორე ნაწილი კი როგორც შეთნხმების ხელმოწერას, ისე პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მათ არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარეს. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებდა. 

პარტიის თავმჯდომარემ სასჯელაღსრულების დაწესებულება, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე, 10 მაისს დატოვა. 

შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს 19 აპრილს ხელი ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა. ხელმომწერი ოპოზიციონერები პარლამენტშიც შევიდნენ. 

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ დატოვა.


close დახურვა