logo
ENG



შერიგების მინისტრის აპარატი დმანისში დაპირისპირებას განმუხტვის შემდეგ გამოეხმაურა

17 მაი 202123:26
3 წუთის საკითხავი
clock 1163
2021/05/17/dzreu04hf43htkt.png

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დმანისში განვითარებულ მოვლენებს მას მერე ეხმიანება, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

თეა ახვლედიანის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა მასზე ეთნიკურ ჭრილში საუბარი დაუშვებელია.

„მიუღებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები, რაც მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ, შესაძლოა, აღნიშნული ინციდენტის ეთნიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობას ემსახურებოდეს.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია, გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.

მივესალმებით ინციდენტის აღმოფხვრას და რწმენას გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განსამტკიცებლად, რაც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე საათის წინ შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

 

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ადგილობრივებმა პოლიციის კორდონიც გაარღვიეს. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.

 

close დახურვა