logo
ENG



გლოვოს კურიერის ინფორმაციით, გაფიცულთა ნაწილი კომპანიის შეთავაზებაზე დათანხმებას აპირებს

18 მაი 202112:28
3 წუთის საკითხავი
 

გლოვოს გაფიცული კურიერების პოზიცია ორად გაიყო და შესაძლოა, დაგეგმილი აქცია დღეს აღარ გაიმართოს.

ერთერთი კურიერი ამბობს, რომ კომპანიამ მათ საათობრივი ბონუსის ჩართვა შესთავაზა, ნაწილი კი ამ შეთავაზებაზე დათანხმებას აპირებს.

"კომპანიის ერთადერთი შემოთავაზება არის საათობრივი ბონუსების ჩართვა და გუშინ მოლაპარაკების შედეგი ის იყო, რომ დაგვპირდნენ, ერთი წელი ეს საათობრივი ბონუსები არ შეიცვლება, მაგრამ ობიექტამდე მანძილის ანაზღაურება იქნება გაუქმებული, თუმცა საბაზისო ტარითი 30 თეთრით გაიზრდება. ამით შეეცადნენ ამის კომპენსირებას.

გამოცდილი კურიერები ვინც ვართ, ეს ვიცით, რომ არის სრული აბსურდი. ვინაიდან აზრები გაიყო და არიან ის კურიერები, რომლებიც მზად არიან, დღეში 20 ლარზე იმუშაონ და მაგათი იმედი რომ ჰქონდათ, ჩვენი ერთიანობას შეუდგა წყალი და გამოდის, რომ დავნებდით და ვერ გავიტანეთ ჩვენი სიტყვა ბოლომდე", - ამბობს კურიერი.

კურიერების საბოლოო პოზიცია, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.

გლოვოს კურიერები მესამე დღეა, გაფიცულები არიან. ისინი ახალ ტარიფებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, გლოვომ კურიერებს მოუხსნა როგორც ბონუსი, ასევე, გაუუქმა ობიექტამდე მისვლის ანაზღაურება. კურიერების თქმით, ეს მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 


close დახურვა