logo
ENG



ბლინკენი: მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას

24 მაი 202109:42
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მკაცრად გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, შეცვალოს კომერციული ფრენა და დააკავოს ჟურნალისტი". 

ბლინკენი ეხმაურება 23 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. დაშვების შემდეგ პროტასევიჩი დააკავეს. 

"ჩვენ მოვითხოვთ მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ბელორუსი ხალხის გვერდით". - აცხადებს ენტონი ბლინკენი

თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის აქტივისტი და ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიური მონაწილეობა მიიღო. 

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 2 ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების შეცვლა მასზე ბომბის არსებობის საბაბით ევროპის სამოქალაქო ავიაციის წესების მნიშვნელოვანი დარღვევაა. 

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში ჟურნალისტი რომან რომან პროტასევიჩი დააკავეს. ასეთი ქმედება არ უნდა დარჩეს ცხადი შედეგების/პასუხისმგებლობის გარეშე. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპელ პარტნიორებთან. ინციდენტი ევროპულმა საბჭომაც უნდა განიხილოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბელორუსმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ყველა მგზავრის უსაფრთხოება და თავისუფლება და გაათავისუფლოს რომან პროტასევიჩი". - აცხადებს ჰეიკო მაასი

აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი. 

"მივესალმებით Ryanair-ის უსაფრთხო დაშვებას საბოლოო დანიშნულების ადგილზე - ვილნიუსში და მოხარულები ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის საშუალება. მათი იძულებითი შეყოვნება სრულიად მიუღებელია". - დაწერა საქართველოს საგარეო უწყებამ. 


close დახურვა