
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარებს იმაზე უკეთესი პირობები აქვთ შექმნილი, ვიდრე მანამდე ჰქონდათ.
"იქ ქრისტიანული სასწავლებელია, ანუ პანსიონი, ბავშვთა თავშესაფარი, სადაც არიან ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვები. წამოვიყვანეთ, ვაცხოვრებთ, ავუშენეთ სახლები. ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა", - განაცხადა მეუფემ TV პირველის ეთერში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარებს დასჯის მიზნით პანსიონში მეტანიებს აკეთებინებენ, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ ეს დასჯა არ არის.
"მეტანია დასჯა არ არის. თქვენ გაგიკეთებიათ მეტანია ოდესმე? რომ არ გაგიკეთებიათ იმიტომ ამბობთ ასე, მეტანია როგორ შეიძლება დასჯის მეთოდი იყოს თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ჩვენ მცირეწლოვანი ასაკიდან ვაჩვევთ იმას, რომ როგორ იცხოვროს ქრისტიანულად. ლოცვა შეიძლება დასჯა იყოს კაცო ? მეტანია ლოცვის ატრიბუტია...", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
დღეს, 2 ივნისს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი თქმით, გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენეფიციარებმა, რომლებმაც პანსიონი დატოვეს, სამართალდამცველებს მიმართეს.
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.
ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.
თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია.
„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს.