logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: ბიძინას ზიარჭურჭელი

06 ივნ 202120:07
3 წუთის საკითხავი
clock 1411

"გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე", - ასე გამოეხმაურენ სოცქსელებში ოცნების ლიდერის ბრალდებას თითქოს გახარია სააკაშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. კობახიძის ეს განცხადება ბევრს იმდენად სასაცილოდ და დაუჯერებლად მოეჩვენა, რომ მას ფსიქიატრთან ვიზიტიც ურჩია. არადა კობახიძის სიტყვები არც შემთხვევითია და არც ემოციურობითა თუ ჭკუანაკლებობითაა განპირობებული... პირიქით, დიდი ალბათობით, ეს მორიგი წინასაარჩევნო საინფორმაციო სპეცოპერაციის დასაწყისია, რომლის მსგავსსაც ოცნება ყოველი არჩევნების წინ გვთავაზობს. ბოლო ასეთი ოპერაცია ყველას კარგად გვახსოვს: აი გარეჯი რომ საქართველოა. პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ რაც უფრო შოკისმომგვრელი და დაუჯერებელია ამბავი, მით უკეთესად იჯერებს მას ადრესატი, ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველი და მით უკეთესი ელექტორალური შედეგი მოაქვს მმართველი პარტიისთვის. ამიტომაც კობახიძის ამ პოლიტტექნოლოგიურ თუ პიარ სვლას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. 2012 წლიდან დღემდე მსგავსმა კამპანიებმა ყველა არჩევნებში ოცნების სასარგებლოდ იმუშავა და არ მგონია ამ მხრივ მომავალი თვითმმართველობის არჩევნები სერიოზულ გამონაკლისს წარმოადგენდეს.

დღეს პარტია ქართული ოცნების მთავარი ამოცანა ივანიშვილისთვის იმის დამტკიცებაა, რომ მას 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და მილიარდერისთვის ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლია. ამ ამოცანის მიღწევაში კი მისი მთავარი მოწინააღმდეგე არა ნაცმოძრაობა ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია, არამედ გახარიაა. რადგან სწორედ მას აქვს ოცნების ამომრჩევლის მიმხრობის ხარჯზე 7-10-პროცენტიანი შედეგის დადების რეალური შანსი. ამ არჩევნებს ყველა სხვა უკვე ჩავლილი არჩევნებისგან ისიც განასხვავებს, რომ იმ დროს ივანიშვილი ღიად იყო ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი, ოცნება კი მისი მფარველობისა და ლიდერობის ქვეშ მყოფი ერთადერთი პოლიტიკური ძალა. დღეს რეალობა ნაწილობრივ შეცვლილია. ჯერჯერობით ქართული ოცნების ამომრჩეველში მაინც არსებობს მყარი განცდა, რომ პოლიტიკიდან წასული ივანიშვილის ერთადერთი დასაყრდენი ქართული ოცნებაა, თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ გახარიაც ივანიშვილის პროექტი და მისი ფარული სტრატეგიული თამაშის ნაწილია. კობახიძემ კარგად იცის, რომ სანამ ეს განცდა იარსებებს, გახარიას ყოველთვის დარჩება შესაძლებლობა, რომ ოცნებაზე გულაცრუებული, მაგრამ ბიძინასადმი ლოიალური ელექტორატი მიიმხროს.

ოცნების თავმჯდომარის რიტორიკა და გახარიას მიმართ მძიმე ბრალდებები გათვლილია იმაზეც, რომ მას ყოფილი პრემიერის მხრდიან ე.წ. საპასუხო ცეცხლი და ივანიშვილის მისამართით რიტორიკის გამკაცრება მოყვეს. ოცნება ცდილობს, რომ ამომრჩეველთან ერთად, თავად ივანიშვილიც დაარწმუნოს იმაში, რომ გახარია ნაცმოძრაობასთან და ოპოზიციასთან კოლაბორაციით და კეზერაშვილის ფინანსებით შესაძლოა მის წინააღმდეგ მოქმედებდეს, რასაც არაფორმალური მმართველის ფორმალური მდუმარების გამოქვაბულიდან გამოხმობა და ოცნების მისამართით უფრო თვალსაჩინო და ღიად მხარდამჭერი სიგნალები უნდა მოჰყვეს. რაც ქართული ოცნებაზე გულაცრუებული ამომრჩევლისთვის იქნება მკვეთრი გზავნილი, რომ სააკაშვილის მობრუნების წინააღმდეგ და ივანიშვილის მხარდასაჭერად ბრძოლის ერთადერთი გარანტი ოცნებისთვის ხმის მიცემაა.

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ოპოზიცია? მათი მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლა, შესაბამისად - რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლაა, რაც გახარიას მხრიდან ოცნებისთვის ხმების წართმევასთან პირდაპირ კავშირშია. თუმცა, თუ გახარიასა და ოცნებას შორის დაპირისპირება სერიოზულად გამწვავდა და ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა თითქოს ყოფილი პრემიერი ბიძინას ოპოზიციაც არის, გახარიამ შესაძლოა ოცნებაზე განაწყენებულ ელექტორატთან ერთად შედარებით შუაშისტი, ოპოზიციური სუბიექტების ხმებიც წაიღოს. ამიტომაც მთლიანად ოპოზიციის, კონკრეტულად კი ლელოს, აღმაშენებლის, ევროპული საქართველოს და გირჩის ამოცანა უნდა იყოს, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის წარმოდგენაში გახარია კვლავაც ივანიშვილის პროექტად და მის ლოიალურ ფიგურად დარჩეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ვისთვის წარმოადგენს გახარია რეალურ საფრთხეს: ოცნებისთვის, მისი პატრონის - ივანიშვილისთვის თუ ოპოზიციისთვის, ამ კითხვაზე დღეს პასუხის გაცემა ძნელია. თუმცა, თუ ის ოცნებას ხმებს მართლა წაართმევს, ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია 43-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს და შედეგად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მივალთ, ახალ პოლიტიკურ რეალობას მივიღებთ, რომელშიც ივანიშვილს ძალაუფლების კოალიციურ რეჟიმში შესანარჩუნებლად ოცნების გარდა გახარია და შესაძლოა ვასაძეც დასჭირდეს. მილიარდერს ალბათ იმედი აქვს, რომ ზიარი ჭურჭლის პრინციპით, მის საერთო ყულაბაში უფრო მეტი ხმა ჩაიყრება ვიდრე ოპოზიციის. თუმცა, პოლიტიკა, განსაკუთრებით საქართველოში, ფიზიკის კანონებზე მეტად ემოციურ განწყობებს ემორჩილება. ამიტომაც თვითმმართველობის არჩევნებიდან დამარცხებულად გამოსვლისა და თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების მერების დათმობის შემთხვევაში, ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება უკიდურესად რთული იქნება, ხოლო ქართული ოცნებისთვის ბიძინას საჭადრაკო დაფაზე ლაზიერად დარჩენა შეუძლებელი.


close დახურვა