logo
ENG



თურნავა: ნამახვანჰესი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება

09 ივნ 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock 1274
თურნავა: ნამახვანჰესი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება.

მისი თქმით, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 12-თვიანი მორატორიუმი გამოცხადდა და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროექტის გაუმჯობესებისთვის.

"ამ მიზნით ექსპერტები უკვე მუშაობენ - 15-მდე სხვადასხვა ექსპერტულმა ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც გვქონდა ერთი თვის წინ გამოქვეყნებული. ველოდებით მათ უკუკავშირს, თუ რა აღმოაჩინეს კვლევებში, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო", - თქვა თურნავამ.

გარდა ამისა, თურნავას განცხადებით, მიდის მუშაობა ინვესტორთან, რათა მოხდეს პირობების გაუმჯობესება და პირველ რიგში, ეს უკავშირდება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწის იჯარის ვადას - 99 წლით გადაცემას ეხება.

"მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება", - აღნიშნა თურნავამ.

დღეს, 9 ივნისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და ამ საკითხზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

შაბათს, 12 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა ხელისუფლებასთან - როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, ევროკავშირის თაოსნობით მედიაციის პროცესი იწყება. 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, შაბათის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

"რიონის მცველების" მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა