logo
ENG



"ეს იქნება სწორი" - ელისაშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ ოცნების პროექტს მხარს უჭერს

10 ივნ 202113:38
3 წუთის საკითხავი
 
"ეს იქნება სწორი" - ელისაშვილი პარტიების დაფინანსების შესახებ ოცნების პროექტს მხარს უჭერს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას მხარს უჭერს და ამბობს, რომ ეს არის არა პარტიების დასჯა, არამედ უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა.

ელისაშვილის თქმით, თუ არჩეულმა დეპუტატებმა მანდატზე უარი თქვეს და პარლამენტში არ შევიდნენ, დაფინანსებაც არ უნდა მიიღონ.

"მართალია ეს წესი გავრცელდება მომდევნო პარლამენტზე, რომ ახლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვიქნებოდი და ვარ. ეს რას ნიშნავს? აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი და ამას ვუჭერ მე მხარს.

ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა. კეთილი ინებე და იმუშავე და აკეთე ის, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა", - განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს.

კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს. მომხსენებელი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილია.

ოცნების ინიციატივა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. ისინი აღნიშნულ კანონპროექტს არ ემხრობიან და მიაჩნიათ, რომ ცვლილებები არადემოკრატიულია.

ქართული ოცნების ინიციატივას ოპოზიციიდან პარტიები - მოქალაქეები და გირჩი ემხრობიან. გირჩის ლიდერების განმარტებით, ისინი ზოგადად ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების წინააღმდეგი არიან.

რაც შეეხება დანარჩენ საპარლამენტო ოპოზიციას, მათ მიაჩნიათ, რომ  მმართველი გუნდის მხრიდან დაფინანსების წესის ამგვარი ცვლილება სანქციების დაწესებაა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ლეიბორისტული პარტია კი, რომელიც ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია და საპარლამენტო საქმიანობას არ უერთდება, ამბობს, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანი მათი დასჯაა.

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდებს

"მსგავსი ინიციატივები განიხილება შემოთავაზებულ კანონპროექტში პარლამენტის რეგლამენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, თუ ისინი არ დაესწრებიან სხდომების უმეტესობას საპატიო მიზეზის გარეშე. ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ხელფასის გადახდა სავალდებულოა". - ნათქვამია დასკვნაში.

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის საერთო მოსაზრების მიხედვით, უფრო პროპორციული და მისაღები გზა იქნება ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოიცავს ცალკეული დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებას მათი ქმედებების შესაბამისად. ეს მეტად თავსებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.  

 


close დახურვა