logo
ENG



ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე: დახურვაზე არ არის საუბარი

13 ივნ 202114:56
3 წუთის საკითხავი
clock 901

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით "არ მოხდეს პრობლემის ზედმეტად უტრირება". 

მისივე თქმით, არ განიხილება ნინოწმინდის პანსიონის დახურვის საკითხი. 

ბავშვთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები არაერთი წელია, საუბრობენ, რომ უნდა დაიხუროს დიდი ზომის ინსტიტუციები და ბავშვებმა მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში იცხოვრონ. ან მოხდეს მათი ოჯახებში დაბრუნება და ოჯახების გაძლიერება. 

საპატრიარქოში ევროკავშირის ელჩთან და Unicef-ის და World Vision-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა: 

"ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლდო ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ პრინციპზე, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალსიწინებული.

ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა იქნას გადაწყვეტილი ყველა საკითხი. ხაზგასმით გვინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს პრობლემის ზედმეტი უტრირება. 

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გაითვალისწინოს, ბავშვების ინტერესებშია, არ მოხდეს უტრირება და რამე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემის გამოყენება, რომ ბავშვის ინტერესები სხვა ინტერესებით არ გადაიფაროს.

დახურვაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს". - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ

ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, კვლავაც რჩება 23 ბავშვი. 

სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს. 

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა