logo
ENG



ღირსების მარშამდე საპატრიარქო ვასაძის 2016 წლის კონგრესიდან ჰომოფობიურ ქადაგებას ავრცელებს

17 ივნ 202111:53
3 წუთის საკითხავი
clock 1386
ღირსების მარშამდე საპატრიარქო ვასაძის 2016 წლის კონგრესიდან ჰომოფობიურ ქადაგებას ავრცელებს

"პრაიდის კვირეულის" დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს საპატრიარქო ლევან ვასაძის მიერ 2016 წელს ორგანიზებული ოჯახის კონგრესიდან ჰომოფობიური შინაარსის ქადაგებას ავრცელებს.

კერძოდ, ვიდეოში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა, კონგრესზე სიტყვით გამოდის მამა ჯოზაია თრენჰემი. გამოსვლის თემაა: "ჰომოსექსუალთა ხატმებრძოლეობა: წყალგამყოფი ლგბტ იდეოლოგიასთან".

ამერიკელი სასულიერო პირი თავის ჰომოფობიური შინაარსის გამოსვლაში აუდიტორიას ლგბტ რევოლუციის წინააღმდეგ გაძლიერებისკენ მოუწოდებს:

"არ დათმოთ, თუ არ გინდათ თქვენი ქალაქები სან-ფრანცისკოს დაემსგავსოს, სადაც ძაღლების რიცხვი ბავშვებისას 80 000-ით აჭარბებს. უთხარით ლგბტ შემწყნარებელ ტირანებს, ამ მამათმავლურ მაფიას, ამ ჰომოფასშისტებს, ცისარტყელით შენიღბულ რადიკალებს, რომ მათი ანტირელიგიური და ანტისაკაცობრიო პროპაგანდა თქვენი ერებისთვის მიუღებელია".

მანამდე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივლისში დაგეგმილ ლგბტ უფლებების კვირეულის ორგანიზებას უკავშირდება.

დეკანოზი ჯაღმაიძე Facebook-ზე წერდა, რომ ეს არის "მოსამზადებელი ეტაპი" და ის ფართო მასებში "ეკლესიის დისკრედიტაციას" ისახავს მიზნად.

ამის პარალელურად, პრორუსი ბიზნესმები, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი ლევან ვასაძე ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში". წინააღმდეგ შემთხვევაში ვასაძე არეულობით იმუქრება. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, თავად შეუშალონ ხელი "ღირსების მარშის" ჩატარებას.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას.

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა