logo
ENG



თაბაგარი: კობახიძის განცხადება კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა

18 ივნ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock 2267

ღირსების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით - "თბილისი პრაიდს უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე" - საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა - ადამიანის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. 

"ადამიანი, რომელიც თავს უწოდებს კონსტიტუციონალისტს, ის საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია და ამ პირობებში განსაკუთრებით ტრაგიკულია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა. ეს ფეხქვეშ გათელვაა საქართველოს უპირველესი კანონის. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, რომელსაც აქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც აქვს სეკულარიზმის ღრმა კრიზისი, დაცლილია ღირებულებებისგან, რაც იკითხებოდა კობახიძის განცხადებაში". - თქვა გიორგი თაბაგარმა. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, ხოლო დისკრიმინაცია აკრძალულია.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით წინასწარი ნებართვის გარეშე  საჯაროდ შეკრების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში. 

ამავე მუხლის მიხედვით ხელისუფლებას  შეკრების შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. 

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ლგბტქი ადამიანებისთვის საჯაროდ შეკრების თვისუფლების შეზღუდვას. ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერი რომც ყოფილიყო მოვიდოდა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. 

“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა დანარჩენ ნორმატიულ აქტებთან. 

15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა