logo
ENG



ცერცვაძე: კომენდანტი, სავარაუდოდ, ამ თვეში მოიხსნება, განიხილება გარეთ პირბადის მოხსნაც

21 ივნ 202100:29
3 წუთის საკითხავი
clock 5972
ცერცვაძე: კომენდანტი, სავარაუდოდ, ამ თვეში მოიხსნება, განიხილება გარეთ პირბადის მოხსნაც

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომენდანტის საათი, სავარაუდოდ, ამ თვეში მოიხსნება. 

"მცირდება შეზღუდვები, ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება", - თქვა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაც.

"მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება, პრაქტიკულად, არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება, ჯერჯერობით, საჭიროა", - აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში 7 თვეზე მეტია კომენდანტის საათი მოქმედებს, რამდენიმე თვეა სავალდებულოა პირბადის ტარებაც როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში.


close დახურვა