logo
ENG



NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ღირსების მარშის უსაფრთხო გარემოში ჩატარება უზრუნველყოს

21 ივნ 202110:18
3 წუთის საკითხავი
clock 1777
NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ღირსების მარშის უსაფრთხო გარემოში ჩატარება უზრუნველყოს

სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას!, კოალიცია თანასწორობისათვის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები თბილისი პრაიდის და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ეხმაურება.

ხელმომწერი ორგანიზაციები გმობენ ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს, მიიჩნევენ როგორც ჰომოფობიურს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს, რაც, მათი თქმით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს.

"კერძოდ, ირაკლი კობახიძის სიტყვები "ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე" სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც პირდაპირაა გარანტირებული შეკრების თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა.

ამასთანავე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შეკრების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, "მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებსა თუ მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებას დემონსტრაცია ცდილობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დახმარებით მონაწილეეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ისინი მოწინააღმდეგეების მიერ ძალადობას დაექვემდებარებიან" და "დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრაქციის უფლება არ მოიცავს დემონსტრაციის უფლების რეალიზების ხელშეშლას".

შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი. კერძოდ, ამ დროს სახელმწიფო ორგანოები "ვალდებულნი არიან მიიღონ ნებისმიერი შესაძლო ზომა, მაგალითად დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების გაკეთებით, რათა ბუნდოვანების გარეშე მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ, მშვიდობიან პოზიციას და რათა პოტენციური სამართალდამრღვევები გააფრთხილონ შესაძლო სანქციების ბუნების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. 

"მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს ("ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ" და "მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ") და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას. აღნიშნული საფრთხე რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ წარსულშიც არ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება და არ მიიღო ზომები, რათა ლგბტ+ თემს მშვიდ და დაცულ გარემოში ესარგებლა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს:

  • არ გაავრცელონ ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები;
  • გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ცხადად წარმოაჩინონ, რომ ჰომოფობიური ძალადობა არ დარჩება პასუხგაუცემელი სახელმწიფოს მხრიდან;
  • უზრუნველყონ ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

სამოქალაქო პატფორმა "არა-ფობიას!" და "კოალიცია თანასწორობისათვის" წევრი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); უფლებები საქართველო (Rights Georgia); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia); თანასწორობის მოძრაობა; ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საფარი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები: სოლიდარობის თემი; მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM); წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -  GCRT; მანდალა; ქალები საერთო მომვლისთვის (WECF) საქართველო; ქალები საქართველოდან; ქალთა მოძრაობა; მოძრაობა სირცხვილია; თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); პარტიზანული მებაღეობა თბილისში; აკესო.


close დახურვა