logo
ENG



ენმ სასამართლო სისტემაში "კლანურ მმართველობაზე" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

21 ივნ 202113:54
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკითხს ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებენ.

მანვე აღნიშნა, რომ კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ ანგარიშს საერთაშორისო პარტნიორების გაუგზავნის.

"მთელი ცივილიზებული სამყარო უმძიმეს შეფასებას აძლევს საქართველოში, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. სენატის საგარეო კომიტეტის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, პარტნიორების ხაზგასმული აქცენტი არის იმაში, რომ საქართველოს სასამართლოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა კლანი და ეს კლანი ძირს უთხრის არამხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ რეალურად მოქმედებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, ბიზნესს არ აქვს თავისუფალი სასამართლოს იმედი...

შესაბამისად, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია საქართველოს პარლამენტს რეგლამენტის თანახმად მიმართავს მოთხოვნით, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის კლანურ მმართველობას საერთო სასამართლოებში, დაადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მართლმსაჯულების მიმართულებით კლანის გადაწყვეტილებებს და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ანგარიში შემდეგ გადაეგზავნება ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა, კომისიის შექმნასა და მის მუშაობაში ენმ-ს მხარი დაუჭირონ. 

მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებასთან  დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს დაუჭირა მხარი, რომელთა კანდიდატურებიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა. გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე 46 მოსამართლე განწესდა.

საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ახლა უკვე პარლამენტს მოუწოდა, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უზენაეს სასამართლოში. მან აღნიშნა, რომ "მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემის რეფორმის დაკარგული შესაძლებლობა იქნება".

უზენაესი სასამართლოში უვადოდ დასანიშნად 9 მოსამართლის არჩევის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც. მან აღნიშნა, რომ "სასამართლოში "კლანური" სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას".

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აპრილში საბჭოს 4 არამოსამართლე წევრიც აირჩია, რასაც ასევე მოჰყვა მძაფრი კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობოების და პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

close დახურვა