logo
ENG



ნავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესმენს საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება ემუქრება

21 ივნ 202115:31
3 წუთის საკითხავი
clock 1210
ნავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესმენს საქართველოდან რუსეთში ექსტრადირება ემუქრება

რუს ბიზნესმენს, რომელიც ნავალნის აფინანსებდა და საქართველოში თავშესაფარი ითხოვა, შესაძლოა კვლავ რუსეთში დააბრუნონ. 

სააპელაციო სასამართლო სერგეი ბოკარევის საკითხს ხვალ, 22 ივნისს გადაწყვეტს. 

ბოკარევს დღეს ბრიფინგი ევროპულ საქართველოში, გიგა ბოკერიასთან ერთად ჰქონდა. 

ბოკარევი​ რუსეთში საშუალო ბიზნესს ფლობდა, ამასთან, მან მხარი დაუჭირა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის და მის მოძრაობას ფინანსურადაც დაეხმარა. 

ბოკერიას თქმით, ამას მოჰყვა ფერმერთა ასოციაციის შეხვედრაზე ფერმერების, ბიზნესმენების, გუბერნატორების თანდასწრებით რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკის გაკრიტიკება უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. 

მან ასევე თქვა, რომ ამ პოლიტიკის ფასს რიგითი რუსი მოქალაქეები იხდიან, დაკისრებული სანქციების გამო. 

"არ არის მოულოდნელი, რომ ამას მოჰყვა ჯერ ფინანსური პრობლემები მის ბიზნესში მთავრობის მითითებით, შემდეგ მოწოდებები მის მიმართ, რომ საჯაროდ უარეყო თავისი ეს პოზიციები და შეერთებოდა "ერთიან რუსეთს". 

მისგან უნდოდათ შეექმნათ მაგალითი, როგორ განუდგა "ცუდ" პოზიციებს და დადგა "სწორ" პოზიციებზე. 

თუმცა, მან ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც დაიწყო მისი სამართლებრივი დევნა. ის დააკავეს თაღლითობის მუხლით. ეს არის რუსეთში არასასურველი ბიზნესმენების დევნის ტრადიციული მეთოდი. მას შემდეგ, რაც ის გირაოთი გაათავისუფლეს, მოახერხა საქართველოში შემოსვლა". - ყვება გიგა ბოკერია. 

სერგეი ბოკარევი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც დააკავეს. მან 9 თვე წინასწარი პატიმრობის საკანში გაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოკარევის მოთხოვნა თავშესაფრის თაობაზე დააკმაყოფილა, ხელისუფლებას კი უარი უთხრა მის ექსტრადირებაზე რუსეთში. 

თუმცა, საქართველოს მთავრობა მის დევნას აგრძელებს. 

ბოკარევი და მისი ოჯახი დარწმუნებულია, რომ გადაცემის შემთხვევაში ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი აღმოჩნდება.


close დახურვა