logo
ENG



გამყრელიძე: ვინც ასტრაზენეკას I დოზაზე დარეგისტრირდა, თუ სურთ, ჩინურ ვაქცინას შევთავაზებთ

22 ივნ 202112:48
3 წუთის საკითხავი
clock 1342
გამყრელიძე: ვინც ასტრაზენეკას I დოზაზე დარეგისტრირდა, თუ სურთ, ჩინურ ვაქცინას შევთავაზებთ
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ მოქალაქეებს, ვინც ასტრაზენეკას პირველ დოზაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა, აცრა ვერ მოხერხდა, შესაძლოა, სინოფარმით ან სინოვაკით აცრა შესთავაზონ. 

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ასტრაზენეკას კიდევ 43 ათასი დოზა, თუმცა, უცნობია, როდის მოხდება ეს. 

"რადგან გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით შემოდის ეს ვაქცინები, ჩვენ ვმუშაობთ იუნისეფთან, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული 43 000 ათასი ვაქცინა და ამის მიხედვით დავგეგმავთ.

მაგრამ შეიძლება იყოს ალტერნატივა - პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, თუ დათანხმდებიან, სინოფარმით ან სინოვაკით აცრა.

ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრა აქვს 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, იმიტომ, რომ ასტრაზენეკას დაახლოებით 1 600-მდე დოზა ჩვენს ქსელში გვაქვს და ყველა მათგანი აიცრება.

ვისაც ჰქონდა ჯავშანი პირველი აცრიდან 4-დან 10-კვირამდე, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, როგორც კი გვექნება დადასტურება, თუ როდის შემოვა ასტრაზენეკას ვაქცინის 43 000 დოზა". - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში მეორე დღეა, ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია. მოქალაქეებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ, აცრას ვერ იკეთებენ.  ვაქცინის დეფიციტი ძირითადად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოსა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია.

მოქალაქეებს, რომლებსაც აცრის ვიზიტი დაჯავშნილი ჰქონდათ, შეტყობინება მიუვიდათ, რომ ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო მათი ჯავშანი გადავადებულია. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინის 43 ათასი დოზა 22 ივნისს, გამთენიისას უნდა შემოსულიყო, თუმცა, ეს რამდენიმე ფაქტორის გამო გადავადდა. 


close დახურვა