ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას რეფორმების ჩატარებამდე.
"და სანამ რეფორმების პროცესი დაიწყება, პოლიტიკური ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაიმართებოდა დებატებს იმის შესახებ, თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით.
შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოილაპარაკეს ამაზე და შეთანხმდნენ ამ პროცესის შეჩერებაზე მანამ, სანამ სასამართლო რეფორმაზე სრულფასოვანი დებატები არ გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუცია ცხადად მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს სერიოზული ვალდებულება და დაპირებაა ქართველი ხალხის წინაშე.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პროცედურების და პროცესების უმეტეს ნაწილს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა საერთო კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების მიერ და სხვა კანონმდებლობით, რომელთა ამოქმედება და კორექტირება პარლამენტის უფლებამოსილებაა.
ახლა პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და 19 აპრილის ხელშეკრულებით, შეაჩეროს [მოსამართლეების] დანიშვნების პროცესი და უზრუნველყოს დებატები, უზრუნველყოს წინა რეფორმების შეფასება, რაც ასევე არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით, რათა საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იყოს, რომ სასამართლო სისტემა არის ისეთივე ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი სერიოზულად მოეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას და გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო 19 აპრილის შეთანხმებით, რაც გულისხმობს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, სანამ არ გაიმართება სრული და ინკლუზიური დებატები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით". - თქვა კელი დეგნანმა.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. მათი თქმით, ამით ქართული ოცნება მიშელის შეთანხმებას არღვევს.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.