logo
ENG



აშშ-ის საელჩომ მიშელის დოკუმენტში სასამართლოზე პუნქტები ყვითლად მონიშნა და ასე გამოაქვეყნა

23 ივნ 202119:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/23/oxnsfsinuah6n1g.jpg

აშშ-ის საელჩო საქართველოში 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერებს შეახსენებს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოში "მიმდინარე დანიშვნების შეჩერებას" და რომ მათ აიღეს ვალდებულება, გატარდეს მართლმსაჯულების ღრმა და ინკლუზიური რეფორმა, ასევე, მიღებულ იქნეს ახალი კანონმდებლობა უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენისთვის.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას საელჩო თან ურთავს შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც ყვითლად არის მონიშნული შესაბამისი პუნქტები.

საელჩოს ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი პარლამენტში არ შეჩერდება, 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმის პუნქტები კი ხელისუფლებას ხელმოწერამდეც შესრულებული ჰქონდა.

საკითხს ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით სიტყვა "პაუზა" წერია და არა "შეჩერება", რაც მისივე თქმით, "ორი სხვადასხვა რამეა".

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

close დახურვა