ფორმულას ფოტოგრაფ ვახტანგ ქარელს, რომელსაც დღეს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აქვს.
როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმმა მარიამ ხელაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობს.
"პაციენტი ვახტანგ ქარელი შემოყვანილი ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. ჩატარებული კვლევებით დაესვა დიაგნოზი ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. შემდგომი მკურნალობის მიზნით გადადის ნევროლოგიურ განყოფილებაში. აუცილებელია, გარკვეული პერიოდის განმვლობაში დარჩეს სტაციონარში", - განაცხადა ექიმმა.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.