logo
ENG



პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს

06 ივლ 202110:31
3 წუთის საკითხავი
clock 1470
პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს

პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს. 

მას მაშინ სცემეს, როცა აგრესიული ჯგუფების ქმედებებს იღებდა. ის ათობით ადამიანმა ალყაში მოაქცია და ურტყა ჯოხები და ფეხები. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, მას თვალებში გაურკვეველი ხსნარი შეასხეს და თვალების დაზიანებაც ამან გამოიწვია. 

მას დამატებითი გამოკვლებები უტარდება. 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაშავებული მედიის 6 წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ორ მათგანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. 

კლინიკაში რჩება ფორმულას ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდგინდა.

ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას პოლონეთის მოქალაქეც, რომელიც თვითმხილველების თქმით, ძალადობრივმა ჯგუფებმა საყურის ტარების გამო დაჭრეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.


close დახურვა